ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნა დაიწყო. ეს არის პეკინის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი აშშ-ში ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, უილიამ ლაის ვიზიტზე. ლაი, რომელიც ტაივანში იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოწინავე კანდიდატია, აშშ-დან პარასკევს დაბრუნდა. ოფიციალურად ის აშშ-ში პარაგვაიში გამგზავრებამდე და პარაგვაიდან უკანა გზაზე გაჩერდა, რა დროსაც ტაივანის თემის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა. ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაივანის გარშემო საზღვაო და საჰაერო საბრძოლო მზადყოფნის პატრულირება დაიწყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კი საპასუხოდ მზადყოფნაში მოიყვანა თავისი ავიაცია და გემები.