ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ საქმიანობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში მიღებული „გამჭვირვალობის კანონი“ სწორედ იმას ემსახურება, რომ მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან საფრთხე მოიხსნას.
ჩინეთის მხარემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციითა და სწორედ მან წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
ირაკლი ქადაგიშვილს მაგალითად მოჰყავს აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ სრული გამჭვირვალობის ვალდებულება და აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის თანახმად, რა ანგარიშვალდებულებაც ამ ორგანიზაციას საკუთარი ქვეყნის მიმართ აქვს, დაახლოებით იმის ათი პროცენტი სურთ, რომ საქართველოში იყოს, რაც კარგი პრევენცია იქნება.