საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე მას ისტორიულად აფასებს. ჩინეთის პირველი დიპლომატი და სახელმწიფო მრჩეველი ვან ი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას.
დიპლომატებმა სავაჭრო ურთიერთობებზე, „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობის მთავარი ხაზი ეკონომიკაა, 2 წლის წინ, საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ჩინეთთან საქართველო საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის უკეთ წარმოჩენას შეეცდება. ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, ამავდროულად, ვან იმ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაუჭირა მხარი და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში საკუთარი განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნის.