ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პრემიერს მიმართავენ

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მათი თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნედლეულის გაჩერება გაურკვეველი ვადით მოხდა, რაც მათ საქმიანობას აფერხებს.

ცემენტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული კლინკერი თვეზე მეტია ცემენტის მწარმოებლებს არ მიუღიათ, რის გამოც წარმოება რვა ქარხანაში უკვე შეჩერდა.

კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კლინკერი საბაჟოზე შესამოწმებლადაა გაჩერებული. მწარმოებლები კი ამბობენ, რომ ნედლეულს სპეციალური სერტიფიკატები მოჰყვება და მისი შემოწმება საჭირო არაა.

30-მდე კომპანია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა გეგმები მას შემდეგ შეცვალეს, რაც ბიზნესომბუდსმენისგან გაიგეს, რომ პრემიერი ერთი კვირის ვადაში გეგმავს საკითხის შესწავლას და პრობლემის გადაჭრას.