ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის, ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. სამივე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
არჩევნებში კენჭს სამი პარტიის წარმომადგენელი იყრის – „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა და „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.
კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.
ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის დაღუპვის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.