ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება
ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი.

ცესკო-ს მონაცემებით, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი, 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი. არჩევნების დღეს გააშუქებს 15 მედიასაშუალების 255 წარმომადგენელი. ასევე 13 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 28 წარმომადგენელი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, იყვნენ აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩევლების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების განხილვა. თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული საარჩევნო პროცესის კვლევის შედეგები გაზიარებული და განხილული იქნება ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ხმის დათვლის საპილოტე პროექტი კანადურ საერთაშორისო ორგანიზაცია DELLIAN-თან თანამშრომლობით ხორციელდება.