პირველად საქართველოში, ცაიშში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები გამოიყენება
პირველად საქართველოში, ცაიშში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები გამოიყენება

№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. 73-ე, 74-ე და 103-ე საარჩევნო უბნებზე 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცაიშში, შუალედურ არჩევნებში კენჭს სამი პარტიის წარმომადგენელი იყრის – „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა და „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს. ხმის დათვლის საპილოტე პროექტი კვლევისა და უშუალოდ პროცესის შესაფასებლად ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის დაღუპვის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.