კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ამის შესახებ ნათქვამია ბუნდესტაგის თავმჯდომარის, ვოლფგანგ შოიბლეს წერილში, რომლიც მან კანონმდებლებს გაუგზავნა. გერმანული მედია ასევე წერს, რომ შოიბლემ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ანგარიშის წარდგენა, რომელშიც აშშ-ის კონგრესის შენობაში შეჭრის დეტალები იქნება აღწერილი. „ეს ანგარიში უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის გერმანიის ფედერალურ მთავრობას და ბერლინის ადგილობრივ ხელისუფლებას, თუ რა დასკვნების გამოტანაა აუცილებელი ბუნდესტაგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია წერილში. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს შეიჭრნენ. არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.