ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში. ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ამის შესახებ მტკიცებულებები მეტყველებს. „ბიბისისთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ „ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. პრემიერის თქმით, დაზვერვა პროგნოზირებს, რომ რუსეთი  მიზნად ისახავს  შეჭრას და ის კიევსაც მოიცავს. ბორის ჯონსონის თქმით, ხალხს უნდა ესმოდეს, რამდენად დიდი შეიძლება იყოს  ადამიანური მსხვერპლი, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მხრიდან. ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს შემოიღებს, ვიდრე ამას მანამდე განიხილავდა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები რუსულ კომპანიებს, რომლებიც ფუნტ სტერლინგსა და დოლარში ვაჭრობენ, საქმიანობას შეუზღუდავს.