წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. სხდომას 27 წევრიდან ესწრებოდა 18, თუმცა ერთმა წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ახალის“ წარმომადგენელმა, ავთანდილ გაბელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო, 14:00 საათამდე გადაიდო. საკრებულოს წევრებმა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მოითხოვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ან პირველი მოადგილის დასწრება. ისინი სხდომაზე არ იყვნენ და ფრაქციამ უარი თქვა განხილვაში მონაწილეობაზე.
საბოლოოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა 1 მლნ 100 ათასი ლარით ბიუჯეტის გაზრდა. ამ თანხიდან 800 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდმა გამოუყო მუნიციპალიტეტს, 300 ათასი ლარი ადგილობრივი შემოსავლებით უნდა შეივსოს. სწორედ ამ ადგილობრივი შემოსავლების შესახებ ჰქონდა კითხვები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება.