ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ - ის მოკლული გოგონას მამინაცვალია

სასტიკი მკვლელობის სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები. გამოძიებისათვის მისი ვინაობა უკვე ცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, ის მოკლული 25 წლის გოგონას მამინაცვალია.

თამარ გამრეკელაშვილის ცხედარი უკვე კახეთში, საკუთარ სახლშია გადასვენებული. ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის მოტივზე საუბრობენ. მათი ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილების მოკვლითაც ემუქრებოდა. ბოლო შემაკავებელი ორდერი კი მკვლელობამდე რამდნიმე საათით ადრე მიიღო. რის შემდეგაც, მან ახალგაზრდა გოგონა, მისივე სახლში, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე წარსულში ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და საპატიმრო გასულ წელს დატოვა. ის სასჯელს მეუღლის ცემისთვის იხდიდა.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც თამარ გამრეკელაშვილი პოლიციის განყოფილებიდან სახლში დაბრუნდა. ბარნოვის მცხოვრებლებმა 25 წლის გოგონას ბინიდან დაპირისპირებისა და შელაპარაკების ხმა გაიგეს. კარი მოკლულის მცირეწლოვანმა შვილებმა გააღეს.

როგორც გაირკვა, სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილი ფანჯრიდან ნაფარეულის ქუჩით დატოვა. საცხოვრებელი კორპუსის ორივე მხარეს გარე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომლის ჩანაწერსაც უკვე გამოძიება სწავლობს.

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.