გუშინდელთან შედარებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამჯერ მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 8%-ს აჭარბებს. გარდაიცვალა კიდევ 54 ადამიანი. დღევანდელი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა გარკვეულწილად შაბათ-კვირასაც უკავშირდება. მცირედით დასტაბილურებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესანარჩუნებლად ეპიდემიოლოგები რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პირბადეების ღია სივრცეშიც ტარებაზე. საკოორდინაციო საბჭო უკვე განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვით ქორწილებზე, წვეულებებსა და სხვა ხალხმრავალი შეკრებებზე მისვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტებით იქნება ნებადართული. ამ მომენტისთვის, სულ მცირე ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 32%-ია აცრილი.