მძიმეა აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემაში არსებულ ვითარებას ეხება. მაკონტროლებელი ორგანოს მასალები უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი.
დოკუმენტის ავტორები კომპანიის მენეჯმენტის არაეფექტურ მართვაზე მიუთითებენ. თითქმის 60-გვერდიან დასკვნაში წერია, რომ კომპანიაში წლების განმავლობაში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა ხელფასებზე არ აისახებოდა. მეტიც, მენეჯმენტის მზარდი ანაზღაურების ფონზე ხშირად გაიცემოდა სოლიდური პრემიები. ათი ათასობით ლარი კი როუმინგის მომსახურებაზე იხარჯებოდა.