ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა „ნაციონალურ მოძრაობაში“

მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების შემდეგ საჩუქრების შეხსენება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება ყველა ზღვარს სცდება. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახური ინტერესდება. შესწავლის საგანი ხდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ავტომობილი აჩუქა. თანაგუნდელების მხრიდან ნიკა მელიაზე შეტევა მხოლოდ ამით არ სრულდება. მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან მელიას დაპირისპირების ახალ დეტალს ახმაურებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ახალი თავმჯდომარის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მოქმედ თავმჯდომარეს განმარტებების რეჟიმში უწევს ყოფნა. მელია ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის მხრიდან პარტიული გავლენების მოპოვების პირველივე მცდელობისას მანქანის უკან დაბრუნება სცადა. პარტიის ის ლიდერები, რომლებიც ღია მხარდაჭერას არცერთი კანდიდატის მიმართ არ გამოხატავენ, ბოლო პერიოდში გახშირებული სკანდალური განცხადებების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვენ. თუმცა ფაქტია, რომ შიდა არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ურთიერთბრალდებები სულ უფრო მძიმდება.