საქართველომ ევროპარლამენტიდან დღეს ახალი გზავნილები მიიღო. როგორ ასრულებს ქვეყანა ექვსი წლის წინ ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ესტონელმა დეპუტატმა სვენ მიქსერმა ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი მიღწევებთან ერთად, ხარვეზებსაც მოიცავს – მათ შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო საქმეები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა.
სწორედ 8 მარტის შეთანხმება და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება იყო აქცენტირებული ევროპარლამენტართა სიტყვით გამოსვლებში. დეპუტატები თანხმდებიან, რომ პოლიტიკოსების გათავისუფლება დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვასა და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას შეუწყობს ხელს. განხილვის საგანი იყო „კოვიდ-19“-ის პანდემიაც. ვირუსის შესაკავებლად გატარებული ზომებისთვის ევროპარალმენტარებმა საქართველო შეაქეს.