ლევან მურუსიძეზე, მიხეილ ჩინჩალაძეზე, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეზე, ასევე მათ ოჯახებზე ამერიკა ვიზებს აღარ გასცემს.
კორუფციული საქმიანობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები, მანიპულირება მოსამართლეების დანიშვნით – ეს ბრალდებები სახელდება სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული სანქციის მიზეზად. გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომის მოწვევა მოჰყვა. არც ერთ ბრალდებას არ იღებს და კონკრეტული მტკიცებულებების დაანონსებით ამერიკის საელჩოს ქართული სასამართლოს დამორჩილების მცდელობაში ადანაშაულებს დღეს უკვე უვადოდ გამწესებული ლევან მურუსიძე, რომლის სახელს წინა ხელისუფლების დროს რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე გამოტანილი ცნობილი გადაწყვეტილებები უკავშირდება, მოქმედი ხელისუფლების პირობებში კი ის ჩინჩალაძესთან ერთად ოპოზიციის და მესამე სექტორის მხრიდან სასამართლო კლანის წევრად მოიაზრება. საბჭოს წევრები ამერიკის საელჩოს მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საბჭოს საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებზე საუბრობენ და კონკრეტული ფაქტების გადასაცემად პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. თავის მხრივ სანქცირებულ მოსამართლეებს ბრალდებების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე მიუთითებს ამერიკის ელჩი.