წავლენ თუ არა მოსამართლეები აშშ-ში

22-30 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე, ხუთი მოსამართლიდან, სამმა უარი თქვა – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი საუბრობს.

მოსამართლე ვარაუდობს, რომ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე სამი მოსამართლის უარის მიზეზი შესაძლოა იყოს ერთგვარი სოლიდარობის გამოხატვა დასანქცირებული კოლეგების მიმართ. გვრიტიშვილის თქმით, ეს არის მხოლოდ მისი ვარაუდი, ვინაიდან თავად მას ამ მოსამართლეებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ვარაუდის მიზეზს აძლევს წარსული გამოცდილება და კონკრეტულად ორი წლის წინ მოსამართლეთა სოლიდარობა ლაშა ჩხიკვაძის საქმესთან მიმართებაში. ამ ვარაუდიდან გამომდინარე, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ მათ შორის მსგავსი სოლიდარობა ადასტურებს, რომ მოსამართლეთა კორპუსის ერთიანობაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დისონანსი არ შეუტანია. გვირიტიშვილის აზრით, დასანქცირების ერთ-ერთი მიზანი სწორედ სასამართლო სისტემაში განხეთქილების შეტანის მცდელობა იყო.