პარლამენტში ოპოზიციის მანდატების ფორმალურად შენარჩუნების შემდეგ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ახალი მოწოდებებით გამოდიან. აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ხელისუფლებასა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას შეთანხმების აუცილებლობაზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ იმ შანსს, რომელიც მმართველი გუნდის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გააჩინა.
ეროვნული ინტერესებით მოქმედება, კომპრომისი, დათმობა, პარლამენტში შესვლა – ამერიკის ელჩის გამოსვლის მთავარი აქცენტებია. თუმცა, შეთანხმების პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ოპოზიცია მმართველი პარტიისთვის წითელ ხაზად გამოცხადებული რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებს და იმ საარჩევნო რეფორმის პროექტსაც აკრიტიკებს, რომელიც ხელისუფლებასთან პარტია „მოქალაქეებმა“ შეათანხმა. საერთაშორისო მოწოდებების ფონზე „ქართული ოცნება“ ოპონენტებს კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს.
სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, გააჩინა თუ არა დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა გუშინდელმა კენჭისყრამ და რა რეაქციები მოჰყვა ადრესატების მხრიდან ელჩების დღევანდელ გზავნილებს.