საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს. უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის ემიგრანტებმა უნდა გაიარონ.
პრეზიდენტის ეს განცხადებები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტამდე ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე საუბარი ოპოზიციამ დაიწყო, რომელმაც მმართველი გუნდი საკონსულო აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროცედურის გართულებაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ამ განცხადებებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მათ საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს.