სადავო პოლიტიკურ თემად რჩება 31 ოქტომბრის არჩევნები. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს უპირისპირებენ დოკუმენტს, სადაც ორთვენახევრიანი მუშაობის შემდეგ ჩაიწერა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების, რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარისა და საარჩევნო კომისიების წევრთა გამოკითხვისა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 20 უბნის გადათვლის მიუხედავად, ოპოზიციისთვის 150-გვერდიანი დასკვნა მაინც მმართველი გუნდის ინტერესებზე მორგებულია. ხელისუფლება კი მიზანმიმართულ ცრუ კამპანიაზე მიუთითებს და დარწმუნებულია, რომ მასშტაბურ გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებებით ოპოზიცია დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობდა.