ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მიმართვა მოსახლეობას.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან 12 წლისთავზე მმართველი პარტიის დამფუძნებელი განვლილ 12 წელს აფასებს და იმ ფაქტორებზე აკეთებს აქცენტს, რის გამოც, მისი განმარტებით, ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევდა სიარული. დაკონკრეტების გარეშე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საუბრობს შიდა და გარე მტრებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე. საფრთხეებად არეულობის და რევოლუციების მოწყობის და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა სახელდება. განცხადების მიხედვით, საფრთხე ჯერ არ არის განეიტრალებული, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებს განსაკუთრებული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. წერილში კიდევ ერთხელ დაკონკრეტებულია სამი გეგმა, რის გამოც ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. განცხადებაში მითითებულ საფრთხეებს ირეალურად მიიჩნევენ ოპონენტები. ბოლო 12-წლიანი პერიოდის შეფასებისას ოპოზიცია ყველა მიმართულებით რეგრესზე მიუთითებს. მთავარი ბრალდება კი საგარეო კურსის ცვლილებაა.