პარიზის, ბერლინის და ვარშავის შემდეგ ბრიუსელი – პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობს.
გაიმართა შეხვედრები ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემოა. სახელმწიფოს მეთაური ევროპელ ლიდერებთან არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მათგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას, მათ შორის რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ითხოვს. ყველა შეხვედრაზე, თუ სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, პრეზიდენტი საარჩევნო გარემოს უთანასწოროდ, არასამთავრობო სექტორს კი რეპრესიების სამიზნედ აცხადებს.
არანაკლებ მძიმეა პასუხი მმართველი გუნდისგან, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს კონსტიტუციის გარდა ახლა უკვე გერმანული კანონმდებლობის დარღვევაშიც სდებს ბრალს. ოფიციალური თბილისი ბერლინისგან განმარტებებს ითხოვს. სწორედ გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მორიგ რეზონანსულ მოწოდებას ავრცელებს ბუნდესტაგის დეპუტატი და საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით ცნობილი მიხაილ როთი.