არა ძალადობას – მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ლოზუნგით გაერთიანდნენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ, გმობენ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებულ ძალადობას.
„მე პირადად ორი რამისთვის ვარ აქ მოსული პირველი ბოდიში, რომ ვერ დავიცავით ყველამ ერთად და მადლობა, რომ ყველა ერთად ვამბობთ – ძალადობა არ შეიძლება. ყველას სათქმელი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მოსამართლემ თქვა, როცა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სახელით პატიმრობაში უშვებდა დამნაშავეებს და მგონია, რომ ახლა ის დროა, ყველა უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, გამოძიებას და სახელმწიფოს სახელით ველოდები, რომ უმკაცრესად დაისჯებიან დამნაშავეები“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ნინო არღვლიანმა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ აღნიშნა, 5 ივლისს ყველამ იხილა ზღვარგადასული აგრესია ჟურნალისტების მიმართ.
„ასეთი ძალადობა ჩვენ არ გვინახავს ომშიც კი, სადაც არ დაშავებულა იმდენი ჟურნალისტი, რამდენიც დაშავდა 5 ივლისს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ არა უშუალოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც“, – განაცხადა თუთბერიძემ.