აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობა იწყება. წამალს, რომლის შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით მშობლები უწყვეტ აქციებს მართავდნენ, ბავშვები, დიდი ალბათობით, მომდევნო თვიდან მიიღებენ. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა. საწყის ეტაპზე, მკურნალობაში 5-6 პაციენტი ჩაერთვება. მათ შორის არიან ბენეფიციარები, ვისაც ზრდის ზონები, ასაკის გამო, ყველაზე ადრე ეხურებათ. ასევე – მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები. 2024 წლიდან კი პრეპარატს ეტაპობრივად სხვა პაციენტებიც მიიღებენ.