პარლამენტის შენობის შესასვლელთან ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მათი მიზანია, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ხმა მიაწვდინონ. ონკოპაციენტების განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდებიან ხელისუფლებისგან პასუხს – დაფინანსდება თუ არა საჭირო მკურნალობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეფიციტურია საჭირო მედიკამენტებიც. მათივე თქმით, ბოლო თვეებში გამართული არაერთი შეხვედრისა და დაპირების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს. ონკოპაციენტების განცხადებით ისინი აქციების გამართვას პერმანენტულ რეჟიმში აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი ადგილზეა და ამავდროულად გაგრძელდება მუშაობა იმ მედიკამენტებით მომარაგებაზეც, რომელიც პროგრამაში არ არის.