კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დღეიდან მათი ყოველდღიური პროტესტი როგორც საირმეში, ისე თბილისში გაიმართება. გაფიცვის ოცდამეერთე დღეს კომპანიაში დასაქმებულთა მოთხოვნები უცვლელი რჩება. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების 30%-იანი მატებასთან ერთად ითხოვენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და საწარმოს ტექნიკურად გამართვას. „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, კომპანია „ვოლტის“, „გლოვოსა“ და სხვადასხვა ორგანიზაციის პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთნენ. ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.