საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და სფეროს გადასარჩენად საკუთარ გეგმასა და მოთხოვნებს სთავაზობენ. მათი განცხადებით, დარგმა უდიდესი დარტყმა მიიღო და იძულებულები არიან საქმიანობა შეაჩერონ, რადგან მიტანის სერვისით მიღებული შემოსავლით ვერ შეძლებენ აუცილებელი ხარჯების გასტუმრებას. მათივე თქმით, ისინი ვერც სესხების აღებას ახერხებენ. სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შეხვედრასა და მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფმა დღეს მოთხოვნები წარადგინა, რომელიც ხუთ პუნქტს მოიცავს.