„არა გამოსახლებებს“ – ამ მოთხოვნით სტუდენტებმა აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მიუხედავად, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან დაასრულეს. საპროტესტო ტალღას წინ კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ფაქტი უძღოდა, რა დროსაც უნივერსიტეტის ლექტორი აკაკი ჩიქობავა და მასთან ერთად მყოფი გიორგი ხასაია დააკავეს. თავდაპირველი მოთხოვნა სწორედ მათი გათავისუფლება იყო.