ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულებულია – სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დედაქალაქში მორიგი აქცია გამართეს. ისინი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე – მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ და მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
შეკრების საბოლოო ლოკაცია გმირთა მოედანი იყო. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს – ჩატარდეს ახალი არჩევნები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, საჭიროა ახალი მტკიცე დოკუმენტი იმის შესახებ, რომ არცერთი ოპოზიციური ძალა პარლამენტში არ შევა, პროტესტი კი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მორიგი აქცია-მსვლელობა ხვალ არის დაგეგმილი.