გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი სამი წლის წინ დანგრეული შენობის მშენებლობის დასრულებას და მანამდე სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ახალი შენობის აშენება დროში გაჭიანურდა და მათ შვილებს სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში უწევთ სიარული, რის გამოც სახლში გვიან ბრუნდებიან. სკოლის მშენებლობის დასრულების თარიღი მესამედ შეიცვალა და მშენებლობა 2025 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეებს დღეს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა.