„არა რეპრესიებს, დაიცავი მუზეუმი“, – ამ სახელწოდების ბანერებით ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ეროვნულ მუზეუმთან, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენას კულტურის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ისინი რეორგანიზაციის ფარგლებში ახსნა-განმარტების გარეშე სრულიად უსაფუძვლოდ დაითხოვეს დაკავებული თანამდებობებიდან, პროტესტის ამ ფორმით კი სურდათ როგორც ელჩებისთვის, ისე საზოგადოებისთვის მომხდარი უსამართლობის შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია.
მუზეუმიდან გათავისუფლებულთა შორის არიან ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, ექსპერტ-მეცნიერების სტატუსით მუზეუმში დასაქმებული ასაკოვანი მეცნიერები. გათავისუფლებულ თანამშრომლებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის პირველი ივნისიდან უწყდებათ.