დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში, რაგბის სტადიონზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ. მათი თქმით, ტერიტორია 2008 წელს გაიყიდა და მათ ინფორმაციით, ამ ადგილზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსის აშენების უფლებას არ მისცემენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ის ოჯახებიც, რომლებსაც ეს ადგილი მერიამ ათი წლის წინ გადასცა. მათი თქმით, ადგილობრივების პროტესტი მიუღებელია, რადგან მათ წლებია დაზარალებულის სტატუსი აქვთ, ქირით ცხოვრობენ და აღნიშნული ბინის მშენებლობას ელოდებიან. აქციის მონაწილეები მერიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.