ხმაური იყო დღეს აქციაზე „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „დაიცავი მზიურის“ წევრები შეიკრიბნენ და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის საწინააღმდეგოდ, იქვე კონტრაქცია გამართეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინებს ელოდებიან. დაპირისპირებაც სწორედ ამ დროს დაიწყო. „დაიცავი მზიურის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე მშენებლობა საფრთხეს უქმნის მზიურის ლანდშაფტს.
დღეს აქციაზე იმყოფებოდა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მშენებლობას 2017 წლიდან ახორციელებს. მისი განცხადებით, ეს ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ხოლო ნებართვა 2017 წელს აიღო. კორპუსის მომავალი მობინადრეები კი ამტკიცებენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი არც ლანდშაფტს ამახინჯებს და არც რეკრეაციულ ზონას უქმნის საფრთხეს. დაპირისპირებულ მხარეებს დღეს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე შეხვდა, მათი არგუმენტები მოისმინა და საკითხის შესწავლას დაჰპირდა.