კომპანია „ბორჯომში“ დასაქმებულები ისევ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ახალი მოთხოვნები მათ მედიაციის პროცესში ჩართულ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს გააცნეს. შეკრებილებმა დათხოვნილი 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ხელფასების 10%-ით მატება და ძველი ხელშეკრულებების განახლება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ითვალისწინებენ კომპანიაში არსებულ მდგომარეობას და გარკვეულ დათმობებზეც მიდიან, თუმცა სჭირდებათ გარანტიები, რომ შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილები და ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ, ძველ პირობებს დაუბრუნდებიან. დასაქმებულთა განცხადებით, მათ დამატებით ხელშეკრულებაზე ხელმოწერას სთხოვენ, რაც ანაზღაურების კლებას გულისხმობს.