ბათუმის ბულვარში სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას აპროტესტებენ. „ბათუმი“, „დაიცავი ძველი ბათუმი“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები დადგეს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჩივარი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შეიტანეს, თუმცა მინისტრმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციები დავას სასამართლოში გააგრძელებენ.