სომხეთში ანტისამთავრობო აქციები არ წყდება. პროტესტის ეპიცენტრი კვლავ პარლამენტის შენობაა, სადაც გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ, დემონსტრანტები დღესაც შეიკრიბნენ. პრემიერის გადადგომის და დროებითი მთავრობის ფორმირების მოთხოვნით, ბაგრამიანის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები გუშინ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაკავებულია ათეულობით პირი, დაშავდა 100-მდე ადამიანი. მესამე თვეა, მოქალაქეები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა ტავუშის რაიონის მოსაზღვრე ოთხ სოფელზე კონტროლი აღიდგინა. ფაქტს ცალმხრივ დათმობად აცხადებენ ქუჩაში გასული მოქალაქეები. მათი უმრავლესობა საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებია.