ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილი ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.

საკომიტეტო მოსმენების დროს ყველაზე მეტი კითხვა მკვეთრად გაზრდილ საგარეო ვალზე, ფინანსური დახმარებების გაცემის სქემაზე და ცალკეული სამინისტროებისთვის დაფინანსების შემცირებაზე დაისვა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენით შემცირდა ბიუროკრატიული ხარჯები და როგორ იგეგმება საგარეო ვალის გასტუმრება. მოპასუხე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, რომელმაც მთავარი ფინანსური დოკუმენტის ახალი ვარიანტი „კოვიდ-19“-ის გამოწვევებზე ორიენტირებულ პროექტად შეაფასა. ანტიკრიზისულ ბიუჯეტში ხარჯები 600 მილიონით არის შემცირებული, თუმცა საგარეო ვალების შედეგად ბიუჯეტის საერთო მოცულობა გაზრდილია. განხილვამ საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დარბაზში იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომელთა შორის განსაკუთრებული სიმწვავით ლევან კობერიძე გამოირჩეოდა.