ევროკომისიის მეოთხე პუნქტი შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის და პროტესტის მიზეზი ხდება. იგულისხმება რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანას ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას და ელიტური კორუფციის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ავალებს. „ქართული ოცნების“ მიერ ამ პუნქტის შესასრულებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს ოპოზიციის დიდი ნაწილი იწუნებს. მმართველი გუნდის ინიციატივა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას გულისხმობს, რომლის ხელმძღვანელს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერი დანიშნავს. ოპოზიციის ნაწილი მომავალი ბიუროს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს და ხელისუფლებას ალტერნატიულ ინიციატივას სთავაზობს. მეორე ნაწილი კი უკვე მომზადებულ პაკეტში ცვლილებებს ითხოვს.