ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე - შეფასებები თბილისში

სასამართლო სფეროს მიმართ შენიშვნებია იმ ანგარიშშიც, რომელსაც ევროკომისია აქვეყნებს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი რეფორმების შესრულების პროცესს აფასებს. მთავარ გამოწვევად კანონის უზენაესობა სახელდება, რომელმაც, ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთ წელში უკუსვლა განიცადა. საუბარია მართლმსაჯულების რეფორმის შეფერხებაზე, დაჩქარებულად მიღებულ რამდენიმე კანონპროექტზე, ბოლო არჩევნების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე, 5 ივლისის მოვლენებზე და მიშელის შეთანხმების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებაზე. ანგარიშის ავტორები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ და ქვეყანას იმ რეკომენდაციების შესრულებაზე მიუთითებენ, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ 12 პუნქტად გაწერა. 35-გვერდიან დოკუმენტს ქართული პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვანაირად კითხულობს.