პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი ანაკლიის პორტი ხდება.
ოპოზიციის მსგავსად, ტენდერში ჩინური კონსორციუმის გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისთვისაც მიუღებელია. სახელმწიფოს მეთაური ტენდერის შედეგს და სტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგურის ჩინური ინვესტიციით აშენებას ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებად განიხილავს. პოლიტიკურ წრეებში არ წყდება აჟიოტაჟი, რომელიც ანაკლიის პორტის ყოფილმა ინვესტორმა, მამუკა ხაზარაძემ დაიწყო. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის და სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტში ჩართვას ხელისუფლების ოპონენტები საგარეო კურსის ცვლილების მორიგ არგუმენტად იყენებენ. მმართველი გუნდი ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე არჩევანის გაკეთებას სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ოპონენტებს შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს გაზრდილ სატრანზიტო როლზე მიუთითებს. ამ კონტექსტში აქცენტი ტვირთბრუნვაზე, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი გზის მთავარ მიმართულებაზე კეთდება, რომელსაც მასშტაბურ პროექტში სწორედ ჩინური მხარის მონაწილეობა უზრუნველყოფს.