„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მისი ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ.
საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა შეიტანეს. ბობ მეიერმა სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა. როგორც კონსორციუმის წარმომადგენლებმა და ინვესტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სარჩელებით ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მათი განცხადებით, ერთ მლრდ დოლარს აღემატება. კონსორციუმის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული საქართველოს მთავრობის კამპანიის პირდაპირი შედეგია. კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.