მთავრობა ანაკლიის პორტის ახალ მოდელს განიხილავს

აქტიურდება ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი, რომელიც წლების წინ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ, მთავრობა ახალი ინვესტორის ძებნას იწყებს.

მთავრობა ეკონომიკურ და ფინანსურ კვლევებს დასრულებულად აცხადებს და უახლოეს პერიოდში ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას აანონსებს. დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა გაკეთდა მინიშნება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გამოთქმულ ინტერესზე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. თუმცა ინვესტიციების ვერმოზიდვის საბაბით, მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება შეაჩერა. გადაწყვეტილების მიღმა ოპოზიციამ პოლიტიკური მოტივები დაინახა.