მარიამ ქვრივიშვილი – განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ ენერგეტიკის სექტორშიც, სტრატეგიული ინფრასტრუქტურით, მილსადენებით, გაზით, ნავთობით და ელექტროგადამცემი ქსელებით, ევროპას აზიასთან ვაკავშირებთ

13:48, 21.11.2026

ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა ვარშავაში, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიურად მონაწილეობს.

„საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა – მწვანე ენერგეტიკული პროექტი და კაბელი, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე და მდებარეობაზე, მათ შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენი ქვეყანა ისტორიულად უზრუნველყოფს, დააკავშიროს ევროპა და აზია. ამ კონტექსტში, ჩვენ ენერგეტიკის სექტორშიც განსაკუთრებულ როლს ვთამაშობთ, როდესაც საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით – იქნება ეს მილსადენები, გაზისა თუ ნავთობის, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ქსელები, ევროპას აზიასთან აკავშირებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მარიამ ქვრივიშვილის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი