ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. უზრა ზეია დღეს დილით წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, დღესვე დაგეგმილია საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, ასევე უზრა ზეია შეხვედრას გამართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. დღის ბოლოს კი უკვე პრემიერთან აუდიენციაა დაგეგმილი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უკვე გამართა შეხვედრები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, მმართველ გუნდთან, ოპოზიციასთან და საქართველოს პრეზიდენტთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივას, ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
უზრა ზეიამ „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესი შეაფერხა.