მოლაპარაკების პირველი რთული რაუნდის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვის საპასუხო ნაბიჯს ელოდება.
დიპლომატიის გზა ან ესკალაცია – ამ არჩევანის წინაშე დგას რუსეთი, რომელმაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან საკმაოდ მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილები მიიღო. ჟენევაში, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ მჯდომი დიპლომატების 7-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა, დიალოგი ბრიუსელსა და ვენაში გაგრძელდება, სწორედ ამ ორ რაუნდზეა დამოკიდებული, გამოიკვეთება თუ არა უკიდურესი დაძაბულობის და რადიკალურად გასხვავებული პოზიციების ფონზე რაიმე პროგრესი. ვაშინგტონი მოსკოვისგან უკრაინის აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანას ითხოვს და მორიგი თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელ უმკაცრეს პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებზე აფრთხილებს. თავის მხრივ, რუსეთი ძალაში ტოვებს ულტიმატუმს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამორიცხვაზე. ჟენევაში ჩასულმა სერგეი ლავროვის მოადგილემ ამერიკელი კოლეგისგან მოითხოვა, რომ მადრიდის წლევანდელ სამიტზე ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება საბოლოოდ გამოირიცხოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო.