თავდაცვის კოდექსის საკომიტეტო განხილვა გრძელდება – კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტზე მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო ინიციატივა არაერთ სიახლეს ითვალისწინებს. უთანხმოებას პროექტის ის ჩანაწერი იწვევს, რომელიც წვევამდელთა სამხედრო სამსახურს უკავშირდება.
ახალი რეგულაციების თანახმად, მღვდელმსახურება ვეღარ იქნება ჯარში წასვლის გადავადების საფუძველი, რასაც აპროტესტებს „გირჩი“. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოითხოვენ სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, კონკორდატი გაუფორმოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რადგან ისინი „თავდაცვის კოდექსის“ მიღების შემდეგ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. პროექტის თანახმად, შემცირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა და ის 11, 8 და 6-თვიანი გახდება. მოიმატებს ანაზღაურებაც.