უკვე მეორე სასწავლო სეზონი ონლაინ-რეჟიმში.
სკოლებსა და უნივერსიტეტებში დღეს სწავლა ისევ დისტანციურად დაიწყო. იუნისეფის მთავარი მოწოდებაა, რომ სწავლება უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებში წარიმართოს. მთავარ მიზეზად გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ონლაინ-სწავლის ნეგატიურ გავლენას ასახელებს. ამ ყველაფერს ემატება მშობლების დიდი ნაწილის პროტესტი, ასევე ინტერნეტზე წვდომის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში. ბოლო მონაცემებით, ონლაინ-სწავლა კლასებში სწავლებამ 4 ოქტომბრიდან უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, ამ დათქმას თავისი პირობები აქვს, რაც სკოლების თანამშრომელთა და პედაგოგთა ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს და ინფიცირების დადებითობის 4%-მდე ჩამოსვლას უკავშირდება.