ახალი რეკრეაციული სივრცე რუსთავში

რუსთავს კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. დამოუკიდებლობის სკვერი თავდაცვის მინისტრმა, რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გახსნეს. დაღუპულ გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება გამოხატა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მონუმენტები.