საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილია 45 წლის ქალი თანმდევი დაავადებებით. ის კლინიკაში თვენახევრის განმავლობაში მკურნალობდა. ახალ შემთხვევათა რაოდენობა დღესაც დაბალია. ახალი კორონავირუსი გამოკვლეული ასეულობით მასალიდან მხოლოდ რვას დაუდგინდა, თითქმის ორჯერ მეტია დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. შესაბამისად ყოველდღიურად მცირდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. რამდენიმე კლინიკას ბოლო დღეებში ახალი პაციენტი აღარ მიუღია.
ოფიციალურად ჯერ ისევ არ დადასტურებულა „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა კახეთში, რომელიც ამ დრომდე მწვანე ზონად ითვლებოდა. საგარეჯოს კლინიკის უსიმპტომო ექთანს „პისიარ ტექნოლოგით“ განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს. მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი, თუმცა მათ შორის ვირუსი არცერთს აღმოაჩნდა. რვა დღევანდელი შემთხვევიდან ოთხი საკარანტინე სივრციდანაა, დანარჩენები კი ინფიცირებულთა კონტაქტები არიან. ქვემო ქართლიდან, რომელიც მაღალი რისკის ზონაა, დღეს მხოლოდ ერთი ახალი ფაქტია გამოვლენილი. ინფიცირებული მარნეულიდანაა.