22 ახალი შემთხვევა – ეს მიმდინარე კვირაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
საბედნიეროდ, ყოველდღიურად იზრდება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც. ახალ ფაქტებს შორის ყველაზე ბევრი, ანუ 16 ინფიცირებული ისევ თეთრიწყაროდანაა, რომელიც ახლა ბოლნისთან ერთად ყველაზე მაღალი რისკის ზონაა. სამი დაავადებული კი გორის ჰოსპიტალის ინფიცირებული მედდის კონტაქტია. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო ორი კვირა რთული იქნება და შემთხვევების მატებაც მოსალოდნელია, თუმცა ჯერ არსებობს შანსი, პიკის პერიოდი კონტროლირებადი და ზომიერი ზრდის დინამიკით გავიაროთ.
შეზღუდვების ეტაპობრივი ამოქმედების მიუხედავად, ძალაში რჩება სახლებში დარჩენის მოწოდება და სოციალური დისტანცირება. ფართოვდება მიზნობრივ ჯგუფებში ტესტირების მასშტაბიც – დღეში 1 000-ზე მეტი, მაისის მეორე ნახევრიდან კი 2 000-დან 2 500-მდე ტესტის ჩატარება იგეგმება.